საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

20/06/2016

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
„შეუძლებელია სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ ამ სახელმწიფოში დაცული არ არის თითოეული ადამიანის უფლება და ამ ადამიანების უფლების დაცვას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას ახორციელებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, იცავთ მეორე ადამიანებს, იცავთ მათ უფლებებს და აძლევთ მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსი და მათი საქმიანობა დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და მნიშვნელოვან და ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული.
„ეს კონცეფცია, იმის ნათელი ხედვიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ არსებობს რაღაც გარემოებები და მიზეზები, რომელნიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს საკუთარი სიმართლის მტკიცების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ეს ჩვენი მსოფლმხედველობის ფუნდამენტია, ის რაზეც აიგო თანამედროვე ცივილიზაცია და რაზეც დაფუძნდა თანამედროვე სახელმწიფო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებმა ადვოკატთა წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0