საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა

27/04/2016

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციის რეგიონალური კონფერენციის თბილისში ჩატარება, რადგან საქართველო ნელ- ნელა, სულ უფრო მტკიცედ ხდება სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების, ისევე როგორც თვითონ კვლევითი სამუშაოს ცენტრი.

მე მინდა მივესალმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება მეცნიერებაში და განათლებაში, სადაც საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფსიქიატრები უმკლავდებიან ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, არამედ გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ინსტიტუტზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია თბილისში პირველად იმართება და მისი მიზანი ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0