საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს შეხვდნენ

19/07/2016

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და დელეგაციასთან ერთად ზღვისპირა ქალაქის ისტორიული უბნები მოინახულა. როგორც პირანის მერმა პიტერ ბოსმანმა განაცხადა, საქართველოსა და სლოვენიას ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

„ბატონო მერო, მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური ანბანი, ასე რომ ჩვენი ხელნაწერი არაა ლათინური, ის უნიკალურია და განსხვავებული. ეს არის სრულიად სხვა ენა და ერთერთია არსებულ 14 ანბანს შორის”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და “ოქროს წიგნში” ჩანაწერი გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის.

“ეს არის განსაკუთრებული ვიზიტი, რადგან ჩვენ ვნახეთ სლოვენიური მასპინძლობა, რომელიც, შემიძლია გითხრათ, რომ გამორჩეულია.უდაოდ, მჯერა, რომ ჩემ მოქალაქეებს სრულად უნდა გავუზიარო ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე აქ მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ძალიან მოწადინებულნი იქნებიან ესტუმრონ სლოვენიას და თქვენს არაჩვეულებრივ ქალაქს.მადლობელი ვარ ამ მიღებისათვის და მოუთმენლად ველი ჩვენს ერებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას.”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პირანის მერთან შეხვედრით საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0