საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25/05/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.
ლამბერტო ზანიერმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.
შეხვედრისას მხარეებმა ხურჩაში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და ოკუპანტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა, რამდენიმე დღის წინ, კი ოკუპანტებმა საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს, რაზეც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.
პრეზიდენტმა ეუთოს გენერალურ მდივანთან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0