საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა

05/05/2016

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილების გამო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მიუთითებს და რუსეთის ფედერაციას პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრების, ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების კუთხით.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს და საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკა აქტუალურად იყოს წამოწეული – მით უფრო, თუ საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერც ეუთო და ვერც გაერო ვერ შედის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე წინასაარჩევნო გარემოს, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას, მედიის მდგომარეობას და საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0