ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. მათ შორის ისაუბრა: ბორდერიზაციის პროცესზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და რუსეთიდან ავიარეისების შეჩერებაზე. მხარეებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ვიზალიბერალიზაცია და ცირკულარული მიგრაციის მნიშვნელობის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცირკულარული მიგრაცია, როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით ხორციელდება პოლონეთთან და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე უკვე გამოთქვეს მზაობა: ბულგარეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა და პორტუგალიამ. პრეზიდენტის განცხადებით, დროებითი ლეგალური დასაქმების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ განაგრძობს მუშაობას.
მხარეებმა ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობით გაფართოების პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს.
ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ვიზიტით მიიწვია.
საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
22/10/2019