საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა

13/06/2019

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით, დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღეს მონაწილეობა.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაო პროცესი მთლიანად აღნიშნულ რეკომენდაციებზე იქნება აგებული. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციების შეჯერება მოხერხდება.

„დღეს შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. დავასრულეთ გუშინ მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობა და ვიწყებთ ახალ, ძალიან რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, ეუთო/ოდირმა წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. არის 27 რეკომენდაცია წარმოდგენილი და ძირითადად, ჩვენი სამუშაო პროცესი იქნება აგებული ამ რეკომენდაციებზე, გვექნება მსჯელობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევძლებთ ჩვენ პოზიციების შეჯერებას, მიუხედავად იმისა, რომ თემა არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესები, შესაძლებელია, ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რომელზეც შეჯერდება პოლიტიკური პოზიციები, შევხედოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პოზიციების შეჯერება მრავალ საკითხზეა შესაძლებელი.

„არის უამრავი საკითხი, მათ შორის, პარტიების დაფინანსებასთან, დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო. არის 27 სხვადასხვა რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი, თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან, წინადადებების წარდგენას 24 ივნისამდე ელოდება.

„უკვე ამის შემდეგ, ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და ამ პირველადი კანონპროექტის გარშემო აიგება მსჯელობა ივლისის პირველ ნახევარში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0