საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

11/12/2019

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საბოლოო ვარიანტი).

„2020 წლის ბიუჯეტი სოციალურ პასუხისმგებლობებს უკეთ პასუხობს, ასევე ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე დამტკიცებული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს და მთავრობას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება:

„2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც სოციალური სფეროს, ისევე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსების ზრდა: 2020 წლის 1 იანვრიდან იზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გასაცემლები; მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურება 2020 წლის 1 ივლისიდან იზრდება 100 ლარით; დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია ჯამურად 122 მილიონ ლარზე მეტი, რაც შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად მოხმარდება დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას; მოგეხსენებათ, 2019 წლიდან გაიზარდა საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატი ხელფასზე და ეს იქნება ასახული 2020 წლის ბიუჯეტშიც, გარდა ამისა, 2020 წელს მასწავლებელთა ხელფასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დამატებით 150 ლარით გაიზრდება; 2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 280 მილიონ ლარზე მეტი; ახალი ბიუჯეტით, ხელფასები ეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რაზეც მიიმართება 50 მილიონ ლარამდე, კერძოდ, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები გაეზრდებათ 2020 წლის 1 ივლისიდან საშუალოდ, 125 ლარით; 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, გამოყოფილი იქნება 3.7 მლრდ ლარი, რაც არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ეს ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ სამუშაო ადგილებს; ასევე, გათვალისწინებულია 2020 წლის ბიუჯეტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 240 მილიონ ლარზე მეტი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (”რეგფონდი”), 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 350 მილიონი ლარი; რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი; ასევე, თბილისის ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 90 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტში არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ჩართულობისთვის, რომელიც უმრავლესობას ჰქონდა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. მსგავსი ჩართულობის შედეგია, მოქალაქეზე მაქსიმალურად ორიენტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელშიც რესურსები მაქსიმალურად არის გადანაწილებული და სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით. კერძოდ, 2020 წელს: შევინარჩუნეთ ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები; სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოვყავით 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა. 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა; მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოიყო 120,0 მლნ ლარი. შეგახსენებთ, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები უკვე გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ 150 ლარით გაიზრდება. ეტაპობრივად გაზრდილი ხელფასები გათვალისწინებულია: პოლიციელების, სახანძრო-სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცების, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს, 1 მილიონზე მეტ მოქალაქეს გაეზრდება პირადი სარგებელი ბიუჯეტიდან, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშიც.

„ბიუჯეტის საბოლოო პროექტი ეფუძნება 2019-2020 წლების განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დამატებითი რესურსის მოძიება. დამატებითი რესურსები მაქსიმალურად გადანაწილდა იმ საჭიროებების დაფინანსებაზე, რაც გამოთქმული იყო თქვენ მიერ ბიუჯეტის განხილვისას, საჯარო თუ სამუშაო შეხვედრებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც აისახა ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში.
„ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის ფარგლებშიც განვიხილეთ ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ყველა ფაქტორი, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკის და ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ასევე, გავითვალისწინეთ გაზრდილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეფექტი და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ მომდევნო წლისთვის ბიუჯეტს დავგეგმავთ 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის და 3,5%-იანი მშპ-ს დეფლატორის პროგნოზებზე.
სწორედ ამ პარამეტრებზე დაიგეგმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2020 წელს იქნება 53,1 მილიარდი ლარი, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე – 4,8 ათასი დოლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საბიუჯეტო დეფიციტზე საუბრისას ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მომზადებული იყო 2,7%-იანი დეფიციტის ფარგლებში, თუმცა ნომინალური მშპ-ს ზრდამ, შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო შემცირებულიყო მისი მოცულობა და საბოლოო პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებამ 2020 წელს ნაერთ ბიუჯეტში დამატებით 175,0 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლები გააჩინა, საიდანაც 30,0 მლნ ლარი მუნიციპალურ ბიუჯეტებში, ხოლო 145,0 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

„სწორედ ეს 145,0 მლნ ლარია ის ძირითადი რესურსი, რომელმაც მოგვცა საშუალება გაგვეზარდა 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. 145,0 მლნ ლარის გაზრდის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 10 465,0 მლნ ლარის ოდენობით. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, წინა ვერსიასთან შედარებით 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში:

გრანტების მოცულობა გაიზარდა 41,9 მლნ ლარით და შეადგენს 241,9 მლნ ლარს. გაზრდილი მოცულობიდან 40,0 მლნ ლარი წარმოადგენს ევროკავშირის მიერ საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფილ გრანტს;
სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 5,0 მლნ ლარით და შეადგენს 520,0 მლნ ლარს;
პრივატიზაციის პროგნოზი იზრდება 10,0 მლნ ლარით და შეადგენს 130,0 მლნ ლარს;
მიზნობრივი კრედიტების ხარჯზე საგარეო ვალის სახით მისაღები რესურსების მოცულობა გაზრდილია 12,3 მლნ ლარით საინვესტიციო პროექტების ნაწილში და შეადგენს 1 867,3 მლნ ლარს“.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის მოცულობა ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 221,0 მლნ ლარით და შეადგენს 14 მილიარდ 432,9 მილიონ ლარს.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ასახულია შემდეგი ცვლილებები:

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა საბოლოო ვარიანტში გაზრდილია 50,0 მლნ ლარით, რომლიც შეადგენს 350 მლნ ლარს, რაც საშუალებს იძლევა დაფინანსდეს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 30.5 მლნ ლარით;
ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყო 16 მლნ ლარი და მისი ბიუჯეტი განისაზღვრა 4 363.0 მლნ ლარით.
იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 21 მლნ ლარით და შეადგენს 224.0 მლნ ლარს. დამატებული თანხიდან 18,0 მლნ ლარი მიიმართება მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, ხოლო 3,0 მლნ ლარი – მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისთვის;
სახელმწიფო ინსპექტორის კანონიდან გამომდინარე, დამატებითი ფუნქციებისთვის საშტატო ერთეულების დაფინანსების, არსებული კადრებისთვის ხელფასების ზრდისა და „ევროჯასტში“ წარმომადგენლის ფინანსური უზრუნველყოფისათვის პროკურატურის დაფინანსება გაიზარდა 4,0 მლნ ლარით და შეადგენს 41,3 მლნ ლარს;
საერთო სასამართლოების დაფინანსება გაიზარდა 1,4 მლნ ლარით და ჯამურად განისაზღვრა 84,4 მლნ ლარით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ რეალურად უწყების ასიგნებების გაიზარდა 2,0 მლნ ლარით სააპელაციო სასამართლოს შენობის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ამავე დროს, მოხდა IT ფუნქციის გადაცემა საქართველოს იუსტიციის საბჭოსათვის და შესაბამისად 600,0 ათასი ლარი გადანაწილდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაფინანსებაზე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი განისაზღვრა 6,6 მლნ ლარით;
მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების დასაფინანსებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ასიგნებები გაიზარდა 100,0 ათასი ლარით;
5,9 მლნ ლარით გაიზარდა და 68,7 მლნ ლარს შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რაც სრულად გამოწვეულია საქართველოს კანონმდებლობით, რომლის თანახმად მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება მიმდინარე წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით;
პარლამენტის წინადადებების გათვალისწინებით იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით, ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება – 300,0 ათასი ლარით;
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაფინანსება გაიზარდა 350,0 ათასი ლარით;
მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსება გაიზარდა 200,0 ათასი ლარით;
სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფინანსება გაიზარდა 350,0 ათასი ლარით;
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება გაზრდილია 1,0 მლნ ლარით და შეადგენს 7 მლნ ლარს და სხვა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ნაყოფიერი ჩართულობისთვის.

ფინანსთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმულირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონალურ მხარდაჭერას. სოციალური ხარჯების წილი (ხარჯები განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე) მთლიან საბიუჯეტო ასიგნებებში აღწევს 47.5%-ს. მომავალ წელს მთავრობა 2019 წლისგან განსხვავებით მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობამ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად შეცვალა ბიუჯეტის კონსტრუქცია, გაითვალისწინა ბიუჯეტის შუალედური ვერსიის განხილვისას პარლამენტში გამოთქმული გარკვეული რეკომენდაციები.

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 88 ხმით მიიღო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის თემურ გოცირიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.

პარლამენტმა ხმით 78 ხმით მიიღო საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სოფიო ქაცარავასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“.

„პარლამენტის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ სოფიო ქაცარავას გაწეული სამუშაოსთვის. ამ წლების განმავლობაში ის ძალიან აქტიურად უძღვებოდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებას და კომიტეტს. თავს უფლებას ვაძლევ, რომ თქვენი სახელით, ყველას სახელით მას ვუსურვო წარმატებები მომავალ კარიერულ საქმიანობაში“, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პლენარულმა სხდომამ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

პარლამენტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობებზე აირჩია: დიმიტრი ჯავახაძე 79 ხმით, გიორგი ძაგანია 77 ხმით, გიორგი ჯავახიშვილი 78 ხმით და გიორგი ჭაქაბერიძე 76 ხმით.

დღესვე, პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა, მათ შორის:

მესამე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“. კანონის პროექტის შესაბამისად ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით დგინდება იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით (საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განხორციელება) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის პირველ ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
ასევე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონის პროექტის თანახმად იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელწოდება. კერძოდ, ის განისაზღვრება შემდეგნაირად – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0