საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან განიხილა

10/07/2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის, ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის და ნატოს წევრობის გზაზე საქართველოსა და გერმანიის ნაბიჯებსა და მოლოდინებზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და მის შედეგებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრები და ვიზიტები ეფუძნება მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას კულტურის, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროებში. ბუნდესტაგის პრეზიდენტის ბერბელ ბასის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და გასული სამი ათწლეულის მსგავსად, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და ირაკლი შატაკიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0