საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს – შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაისმება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.
დეპუტატმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო გუნდს – ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. დეპუტატის თქმით, სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მისივე შეფასებით, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა.
„მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, დღეიდან საპარლამენტო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება.
„ჩემი მხრივ, გპირდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მე უზრუნველვყოფ, დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, კომპრომისებისა და დათმობის გზით, ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადაიდგას. კახა კუჭავამ საქართველოს გულშემატკივრებს, ვინც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად დიდი ენერგია ჩადო, მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ის უპრეცედენტო ძალისხმევაა, რომელიც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასწია.
„მჯერა, რომ მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის მიმართ არსებობს. იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად. მტკიცედ მჯერა, იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და გავაერთიანოთ საქართველო, ჩვენ ჯერ უნდა გავერთიანდეთ აქ, პარლამენტში! – ეს სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს საერთო მომავალს“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.
დეპუტატის თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აიღებს სრულ პასუხისმგებლობას, რათა მოხდეს იმ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის გაზიარება, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება.
„მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ავიღებ სრულ პასუხისმგებლობას, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს 19 აპრილის შეთანხმება, პარლამენტში დაცული იყოს ძალთა ბალანსი, გადანაწილდეს კომიტეტები და, შესაბამისად, მოხდეს პასუხისმგებლობის გაზიარება მმართველ გუნდთან ერთად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც დღეს ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრულფასოვანი და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა და 19 აპრილის შეთანხმების სწრაფი და სრულფასოვანი შესრულება. მისი შეფასებით, აღნიშნული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის საერთო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი, იღებს პასუხისმგებლობას, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოში კიდევ უფრო უკეთეს დემოკრატიულ გარემოს, გაძლიერებულ საპარლამენტო ზედამხედველობას, ძლიერ, ქმედით, ინკლუზიურ და ღია პარლამენტს. ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში გაიზარდოს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ნებისმიერი ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად აისახოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე – უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ და გახდეს მეტად ინტენსიური და ინკლუზიური. პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, გაძლიერდება და გააქტიურდება.
“გაძლიერდება საზედამხედველო ფუნქციით შემუშავებული საპარლამენტო რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგის მექანიზმები. ამავე დროს, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საჭიროა როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე მედიასთან უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად ინფორმირებული და არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციებისთვის. მნიშვნელოვანად გაიზრდება, კერძო სექტორის ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების ნდობის გამყარებისა და ამ კონტექსტში, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ერთად უნდა გავამყაროთ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა, რომ საქართველო ყოველთვის იქნება არჩეული კურსის ერთგული და მუდამ იქნება დასავლეთისთვის სტაბილური დასაყრდენი რეგიონში – ეს ის საქმეა, რომელსაც ერთად უნდა შევეჭიდოთ და ერთად დავდოთ სასურველი შედეგი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კახა კუჭავას თქმით, საქართველოს მომავალი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა, რაც უკვე ძალიან ახლოსაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ განაცხადის გაკეთება დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობით დასრულდება.
„2024 წელს განაცხადის გაკეთებისთვის ვემზადებით. ასეთი დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დამთავრდება ღირსეული წევრობით, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების, კეთილდღეობისა და მშვიდობის მთავარი გარანტიაა, ეს არის ქართველი ხალხის ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც უპირობო და შეუქცევადია“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და ხაზგასმით აღნიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა. მთავარ გამოწვევად კახა კუჭავამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად, უშინაარსო კრიტიკის ნაცვლად, იდეების კონსოლიდირება და შინაარსობრივი ოპონირებაა საჭირო. მისივე თქმით, საზოგადოება რეალურ შედეგებს ელოდება.
„დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველ რიგში, ჩვენი მთავარი საზრუნავია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელსაც ყოველი მხრიდან, ყოველდღიურად, ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით სჭირდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა. პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება მოგვცემს საშუალებას უფრო ეფექტიანად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე ერთსულოვნად მივიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები. ამასობაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად გვიტევს ოკუპანტი და ჩვენს მოქალაქეებს უმძიმეს მორალურ და ჰუმანიტარულ კრიზისში უწევთ ცხოვრება. ამას ემატება ჰიბრიდული ომისგან მუდმივად მომდინარე საფრთხე და რთული რეგიონული კონტექსტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი გამოწვევაა პანდემია, რომელსაც მსოფლიო წელიწადზე მეტია, ებრძვის და რომელმაც ქვეყნებს დიდი ზიანი მიაყენა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსთან გასამკლავებლად გადადგა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის გამოწვევასთან ბრძოლას საერთო კონსენსუსი და მიზნობრივი, კონსოლიდირებული გეგმა სჭირდება.
„ხელისუფლებამ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე. პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევას და ღირსეულად გამკლავებას კი სჭირდება საერთო კონსენსუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა. დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა! მჯერა რომ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თითოეული ჩვენგანი, საზოგადოების ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა აყენებდეს და განსხვავებულ ხედვებს ქვეყნის სასიკეთოდ დავაახლოებთ. მე ამის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ და გვექნება ნაყოფიერი და საინტერესო საპარლამენტო ცხოვრება, ამის თქმის საშუალებას მაძლევს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც საამისოდ, ვფიქრობ, სრული პოტენციალი აქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანმა პერიოდმა საკმარისი გამოცდილება დააგროვა იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, – საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი არ მოუტანია.
„ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ გადაჰყვეს ხალხის და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციას დანარჩენი პოლიტიკური ძალებიც შემოუერთდებიან და ყველა ერთად, ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლოდ მუშაობას შეძლებს.
„მე მჯერა, რომ ამ დარბაზში არ მოიძებნება არცერთი დეპუტატი, ვისაც არ ესმის ვითარების სერიოზულობა და ვერ იაზრებს საკუთარ როლს ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში. ამიტომაც, გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ შემოგვიერთდება, შეძლებს ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ მუშაობას, რასაც ელოდება ჩვენგან ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ, ამ იმედს არ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.