საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვია

12/10/2016

​საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის დახვედრის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების შედეგია. დახვედრის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალს სხვადასხვა სფეროში.

”წელს გაიმართა ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელმაც საფუძველი დაუდო თანამშრომლობის გაღრმავებას ბევრი მიმართულებით – პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის არაერთ მემორანდუმს და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობები ახალ, უფრო დინამიურ ეტაპზე გადავა“ – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალმაზბეკ ატამბაევი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული შემადგენლობით. ასევე გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყირგიზ კოლეგასთან.

ვიზიტის ფარგლებში ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0