„საქართველოს ოლიმპიელები“ ეროვნული არქივის გალერეაში

02/08/2016

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები“ გახსნეს.
გამოფენა ეძღვნება რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებს, რომელში მონაწილეობის უფლება საქართველოდან 40-მა სპორტსმენმა მოიპოვა.
ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და მათი ოჯახის წევრები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოები, გარდა ამისა, გამოფენილია ქართული სპორტის მუზეუმის ექსპონატები – ოლიმპიელების მედლები, თასები და მემორიალური ნივთები.
„ამ გამოფენის გახსნით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს, რომელთა ნაწილი უკვე რიოში ჩავიდა, ნაწილი კი ამ დღეებში გაემგზავრება. ჩვენ ამ გამოფენას დავტოვებთ ოლიმპიადის ბოლომდე და დავამატებთ ახალი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური მედალოსნების ფოტოებს, მედლებსა და თასებს, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, არაერთი იქნება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
გამოფენაზე ნაჩვენები იყო კინოკადრები – მელბურნის ოლიმპიური თამაშების ქართველი მონაწილეების დაბრუნება საქართველოში და მათი დაჯილდოება (1957 წ.) ქართველ ოლიმპიელ სპორტსმენთა დაბრუნება რომიდან საქართველოში (1960 წ.)
გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0