საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, პრეზიდენტი აფერხებს გარკვეული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას.
“მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დავაფიქსირე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან, დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები. თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები აღნიშნული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით, ვციტირებ: “საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს” და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან. საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. თავის მხრივ, დღეს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გააჟღერა და გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში, მოყვა წერილის მოკლე შინაარსი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის 1-ელი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტში“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა
12/10/2017