საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მისწრაფებები აერთიანებს

02/03/2018

„მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომა საქართველოსთვის ეროვნული პრიორიტეტი და უსაფრთხოების საკითხია – ერთად ჩვენ უფრო ძლიერი ვართ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენს სამივე ქვეყანას საერთო და მსგავსი გამოწვევები და მისწრაფებები აერთიანებს. ჩვენ ვდგავართ მზარდი რეგიონალური არასტაბილურობის წინაშე, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე ჩვენი მომავლის განსაზღვრის დამოუკიდებელი არჩევანი მუდმივად გარე აგრესიის წინაშე დგას. გვსურს, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა ჩვენი მომავლის განსაზღვრაში, ჩვენი ეროვნული საზღვრების დაცვაში და ევროპულ სივრცეში გაერთიანებისათვის. ჩვენი ერთობლივი განცხადება გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების, არამედ ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის სურვილსა და დამოკიდებულებას. ჩვენს მოძმე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად დგომა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტი და უსაფრთხოების საკითხია. ერთად, ჩვენ უფრო ძლიერი ვართ და გვსურს, ნათლად გამოვხატოთ ჩვენი სახელმწიფო პრიორიტეტები, შეშფოთებები და ფასეულობები ჩვენი მეგობრებისა და ასევე მტრების წინაშეც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთობლივად დაძლევენ გამოწვევებს და მიაღწევენ საერთო მიზნებს.

კიშინიოვში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი და სტაბილურო დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ხელშემწყობი მექანიზმის მნიშვნელობა. მათ კონფლიქტის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვეს და სისტემური და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაგმეს.
პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საზოგადოებების გაერთიანება და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე საერთო პასუხი პირდაპირი გზაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდისთვის. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ქვეყნების აღმასრულებელ ხელისუფლებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ერთობლივი გეგმის შემუშავებისკენ, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0