საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, აქტიური შეხვედრები უკვე დაიწყო. მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე და მისი მოადგილე მანანა ნარიმანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს ესტუმრნენ.
შეხვედრები დაბა ჟინვალის, ჩარდახის, წეროვანის და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებთან შედგა. ადგილობრივებმა, რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების საჭიროებებზე იმსჯელეს და პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს. შერჩეული პროექტები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა
15/01/2019