საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი დაამტკიცა.
სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, უფლებადამცველი და ყოფილი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი ბადაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი 2005 წლიდან; და ნანა მჭედლიძე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება. დღემდე, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი სამი კანდიდატის შერჩევის კონკრეტულად გაწერილი და გამჭვირვალე პროცედურა ქვეყნის შიგნით არ არსებობდა. 2015 წლის დეკემბერში, მთავრობის მიერ პირველად გაიწერა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი. გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რის შედეგადაც მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. 47 კანდიდატიდან შეირჩა 13 საუკეთესო, რომლებმაც ჯერ ტესტირება გაიარა ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი − გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
მთავრობის მიერ დღეს შერჩეული სამი კანდიდატი ევროპის საბჭოს ფილტრაციის კომიტეტს მიმდინარე კვირაში წარედგინება, ხოლო თითოეულ მათგანს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს 2016 წლის ოქტომბერში უყრის.
საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატები დაამტკიცა
16/05/2016