საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტაჯიკეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

10/11/2018

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტაჯიკეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს სამართალდამცავი უწყებების გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტი ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით განხორციელდა. დელეგაციის შემადგენლობაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადვოკატთა კავშირის, უზენაესი სასამართლოს, ანტიკორუფციული სააგენტოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული კანონმდებლობის ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომლებიც ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ოპტიმიზაციაზე მუშაობენ.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს პროკურატურის სისტემის, საქმიანობის, უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პროცესის შესახებ. ძირითადი ყურადღება დაეთმო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის, ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაცნობას. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ: კორუფციული დანაშაულების გამოძიების, მტკიცებულებების მოპოვების, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმატორების დაცვის უზრუნველყოფის, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათთვის აქტუალური სხვა საკითხებით.
დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი მიმართულებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები შეხვდნენ. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0