საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პედაგოგები ერთვებიან.
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 55 წელს ზემოთ 50-მდე პედაგოგი აიცრა. იმუნიზაციის პროცესს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნენ. ეკატერინე ტიკარაძემ პედაგოგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.
„აქცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყეთ პედაგოგების ჯგუფის ასაცრელადაა მიმართული.
საუბარია 55 წელს ზემოთ პირებზე, რომლებიც ასაკობრივ ჯგუფში არიან. აქციაში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბავშებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. აქცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება და პედაგოგებს ცნობილი ექიმები აცრიან“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას, მინისტრის განცხადებით, ივნისი-ივლისის თვისთვის დღიური მიმართვიანობა 3000-ს უნდა შეადგენდეს. 20 აპრილის მონაცემებით 31 019 ადამიანია აცრილი. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.