საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

26/06/2017

გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაცია AIEST-ის პრეზიდენტი პროფესორი ჰარალდ ფეჰლანერი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებისა და მუზეუმების მართვის და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი დავით ჭეიშვილი, მდგრადი ტურიზმის განვითარების კონსულტანტი, ბრენდორ ქონსალტინგი მაკა აფხაზავა და ტურიზმის მარკეტინგის სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპამია BRANDOR Consulting-ის პარტნიორი გაგა გოგიჩაიშვილი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამა წლის სექტემბრის თვეში, გურიაში, პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის ხელმძღვანელობით ჩამოვა 18 მაგისტრატურის სტუდენტი ინგოლშტადტის ტურიზმის ინსტიტუტიდან, რომლებიც სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში შეუსწავლელი ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას მუნიციპალიტეტებში.
აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტებთან და გურიის რეგიონის გუბერნიის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ფეჰლანერის თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის – Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0