სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა, უწყებაში შემუშავებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტი უცხოელ დიპლომატებს გააცნეს. შეხვედრები შედგა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერ ჯულია ტომპსონთან, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოლტიკურ მდივან კრის გოფთან და ესტონეთის სამხედრო ატაშესთან საქართველოში კულდარ კესკულასთან.
უცხოელმა დიპლომატებმა აღნიშნული დოკუმენტი დადებითად შეაფასეს. მათ სამუშაო ჯგუფს საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინეს, რომლებიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ფორმირებისას.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტი გადაეგზავნა ნატო-ს ახალი საფრთხეების დირექტორატსაც, რომელიც საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს მიმდინარე თვეში წარმოადგენს.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონცეპტუალური დოკუმენტია, რომელიც ადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასა და პრიორიტეტებს, განსაზღვრავს აღნიშნული შესრულების მექანიზმებს 2016-2018 წლების განმავლობაში. დოკუმენტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა უწყება.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტრატეგიას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.