საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) მინისტრების XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში

01/11/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP)-ის მინისტრების XXI და სახელმწიფო მეთაურების XI კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში (აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანებულია ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით 2014 წლიდან).
სამიტი გაიხსნა აღმოსავლეთ ტიმორისა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვით. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე პორტუგალიის, მოზამბიკის, გვინეა ბისაუს, კაპო ვერდეს, სან-ტომე და პრინსიპეს და ანგოლის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველოს პორტუგალიურენოვან, იგივე ლუზოფონურ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) საქმიანობის მნიშვნელობას, რომელსაც ორგანიზაცია მრავალი მიმართულებით ახორციელებს, მათ შორის საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა პორტუგალიურენოვან უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობის ფორმატში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მიერ სახელმწიფო სერვისების, ციფრული ადმინისტრირებისა და ღია მართველობის სფეროებში განხორციელებული რეფორმები. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ განვითარების მიზნებს (Agenda 2030) ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების შექმნის შესახებ.
სესიის მსვლელობისას, დავით ზალკალიანი და პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე დაესწრნენ ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის სახელით გამართულ ვახშამს, სადაც გაიმართა შეხვედრა გაეროს ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან – ანტონიო გუტიერეშთან. დავით ზალკალიანმა მიულოცა პორტუგალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გაეროს გენერალურ მდივნად არჩევა და იმედი გამოთქვა, რომ გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს.
ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ბრაზილიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილესთან სიმას მაგალაისთან. სადაც მხარეებმა განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, პოლიტიკური კონსულტაციები (რომელთა ჩატარებაც იგეგმება საქართველოში მიმდინარე წლის 18 ნოემბერს), ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი და სხვ. განხილულ იქნა აგრეთვე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების დადებითი დინამიკა და მზარდი მნიშვნელობა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ბრაზილიურმა მხარემ მიულოცა ქართულ მხარეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება. მისი თქმით, ბრაზილია ყურადღებით აკვირდებოდა მთელ საარჩევნო პროცესს და უერთდება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომელთა თანახმადაც საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრა პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ტერეზა რიბეიროსთან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოს ევროპული და ევრო -ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, განსაკუთრებით, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი აქტუალური საკითხები. ამასთან, განხილვის თემას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0