ხარაგაულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილეებმა, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პატრიოტულ თემებზე შექმნილი სიმღერები შეასრულა კიცხის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოდილამ“.
დღესვე, სოფელ გედსამანიაში აფხაზეთის ომში დაკარგული გმირის გოჩა ჩადუნელის მემორიალი გაიხსნა. მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხელ კიდევ გაიხსენა ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი გმირი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ხარაგაულის კინოთეატრში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონცერტზე ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,უბისის“ ძველმა და ახალმა თაობამ ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინა. სიმღერები შეასრულეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა თიკო და თამარ ლურსმანაშვილებმა, სალომე კვირიკაშვილმა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა და გოგონათა ვოკალურმა ანსამბლმა. კონცერტი კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხარაგაულში
26/05/2016