საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა

16/09/2016

საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები – ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან; გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის, – ამ ყველაფერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.
მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა.
მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას.

„საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარების რაციონალური და ერთიანი, როგორც ქვეყნის, გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება; რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, შევქმნათ პირობები, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას, სოფლებს და იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული. ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში, ტურისტებს უნდა შეეძლოთ შეფერხების გარეშე ჩასვლა ყველა რეგიონში და საქართველოს ყველა რაიონი უნდა გადავაქციოთ ოთხსეზონიან საკურორტო მიმართულებად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით – ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია.

სივრცითი მოწყობის ფუნქციაა – უზრუნველყოს სივრცის რაციონალური, მდგრადი და დაბალანსებული დაგეგმვა. წაახალისოს ინტეგრაცია ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა და მრეწველობა, და ასევე მოახდინოს საქალაქო და სოფლის რეგიონების კავშირების გაუმჯობესება.
პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ ინსტრუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას.

„კომპლექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმები, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და, რაც მთავარია, საქართველოს რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მოწყობის მიმართულებით, ტერიტორიების და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავება, მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის გააზრება და შემდგომი განვითარება. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე. ამ რეფორმის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო არტერიები. საქართველოს აქვს სრული პოტენციალი, ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, არსებული საავტომობილო გზები, ავტობანების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს, ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს და ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0