საქართველოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს სამ ძირითად ღირებულებას – ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა

03/02/2021

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენება წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლა სამადლობელი სიტყვებით დაიწყო და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს – ეპიდემიოლოგებს, ექიმებსა და ექთნებს პანდემიის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ყველა პროფესიონალს, იმ სამსახურების წარმომადგენლებს, ვინც ექიმებთან ერთად პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. კოვიდ19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე დააყენა. თუმცა, ჩვენ ერთად, დაუღალავი შრომით, პროფესიონალიზმით და სოლიდარობით შევძელით ამ საფრთხის შეკავება. ვაქცინასთან დაკავშირებული სიახლეები იმედისმომცემია და მჯერა, უახლოეს მომავალში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფუნქციების აღდგენას სრულად შევძლებთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საანგარიშო პერიოდში პარლამენტის საქმიანობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანომ 2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა.

„2020 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა თავის ფუნქციებს. ჩვენ 51 პლენარული სხდომა ჩავატარეთ და 515 საკანონმდებლო ცვლილება მივიღეთ. გავაუმჯობესეთ მდგომარეობა კანონის უზენაესობის, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, საარჩევნო წესებისა და რეგულაციების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, არასრულწლოვნების დაცვის, დასაქმების, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ციფრული მმართველობის, ინფორმაციული უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით. ჩატარდა 2 ინტერპელაცია, პარლამენტმა სამჯერ მოუსმინა საქართველოს პრემიერ მინისტრს, მინისტრები რეგულარულად ესწრებოდნენ საკომიტეტო და პლენარულ ფორმატში მოსმენებს, განვიხილეთ ანგარიშვალდებული ორგანოების არაერთი მოხსენება, ჩატარდა თემატური მოკვლევები და დეპუტატებმა 800-ზე მეტ შემთხვევაში გააგზავნეს სადეპუტატო შეკითხვები. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გაცემის თვალსაზრისით, პარლამენტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და IDFI-ს ყოველწლიურ რეიტინგში აქვს ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პარლამენრის თავმჯდომარემ ყურადღება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს სამ ძირითად ღირებულებას – ეს არის დემოკრატია, უსაფრთხოება და ეკონომიკა. საქართველოს პარლამენტს სამივე სფეროში აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, როგორც საკანონმდებლო მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.
საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმების გატარება უზრუნველყო, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა. 2020 წელს არსებითად პროპორციული, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, თანაბარი წვდომა მედიაზე და საარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებული წესები – ეს ის ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს შეიმუშავა და მიიღო. ამ ცვლილებების პროგრესულობა დაასაბუთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტში შესასვლელად ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და პირველად, უახლეს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიპოვა. გაიზარდა პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობაც. გაფართოვდა ოპოზიციის უფლებები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასთან გაფორმებული 8 მარტის შეთანხმება ახსენა და პროცესში მონაწილე დიპლომატებს და ფასილიტატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„„ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა 8 მარტის შეთანხმებით მიცემული პირობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ – დანერგა არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა და შეცვალა საარჩევნო კოდექსი. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების მიუხედავად – მაშინ, ისევე როგორც დღეს – ოპოზიციამ აირჩია ბოიკოტი და უარი თქვა მონაწილეობაზე. პარლამენტში მათ მხარი არ დაუჭირეს ცვლილებებს, რომელზეც წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კრიტიკულად აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა, რომელშიც სულ მალე, რამდენიმე თვეში, მაშინდელმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების დროს პოლიტიკური ფასი გადაიხადა – მათ ახალ არჩევნებში მინიმალური მხარდაჭერა მიიღეს და ახალ პარლამენტში პოზიციები დაკარგეს. სულ მალე, მე ვფიქრობ, რომ რეფორმებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ, საზოგადოება შეაფასებს უფრო ფართო კონტექსტში, თუ როგორ შეძლებს მეათე მოწვევის პარლამენტი და ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენლობა, ვინც საზოგადოებამ აირჩია, თავისი ფუნქციების შესრულებას. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტი, მაშინაც და დღესაც იყო პოლიტიკური შეცდომა, რადგან დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობაზე უარის თქმა, დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად, არჩევნები კონკურენტულად და ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებულად შეფასდა. მისივე განცხადებით, არჩევნების შედეგებმა მიღებული ცვლილებების მართებულობა დაადასტურა და პირველად, უახლოეს ისტორიაში, საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არჩევნებში 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა პლურალისტურ პარლამენტს და სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიცია არის საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა – მათ უარი თქვეს საერთოდ პარლამენტში შესვლაზე და მონაწილეობაზე, შესაბამისად, უარი თქვეს დემოკრატიაზე, ვინაიდან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც თავისთავად დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინი გახლავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში უნდა ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და იქვე, ორი პოლიტიკური პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ და „მოქალაქეების“ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას მიესალმა.

მანვე საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი შეიმუშავებს ისეთ საარჩევნო პაკეტს, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობა.

„ჩვენ ვცვლით საარჩევნო სისტემას თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც საკრებულოებში გაზრდის პროპორციული სიით არჩეულ წევრთა რაოდენობას. იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპი. ამომწურავად გაიწერება ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი წესები. ზეგავლენისგან დაცული ხდება საარჩევნო უბნის პერიმეტრი, დაინერგება ხმის მიცემის კონტროლის ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ბიულეტენის ელექტრონული მთვლელები, და თითის ანაბეჭდით რეგისტრაცია. უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო უბნების შედეგების მინიმუმ 10%-ის გადათვლის შესაძლებლობა და სხვა. შედეგად, ჩვენ გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს და გაუმჯობესებული კანონმდებლობის პირობებში ჩავატარებთ ადგილობრივ არჩევნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს კონტროლს და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

„მიუხედავად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა, რომელიც დღემდე გრძელდება, საქართველო მაინც რჩება უსაფრთხოების სფეროში დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რეგიონში. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში სამაგალითოა. საქართველო აშშ-ის და ევროკავშირის საიმედო პარტნიორია ტერორიზმთან, ჰიბრიდულ საფრთხეებთან, ტრეფიკინგთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თვალსაზრისით. უპრეცედენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს თავდაცვის სფეროში ჩვენს პარტნიორებთან და ნატო-სთან. საქართველოს გამორჩეული წვლილი შეაქვს ალიანსის საერთაშორისო მისიებში და ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის 29 დეკემბრის პარლამენტის რეზოლუცია გამოყო და აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტით საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიო გზავნილი გაახმოვანა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მისივე განცხადებით, ქვეყნის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და ამ მიზნის მისაღწევად საკანონმდებლო ორგანო საქართველოს მთავრობასთან ერთად სათანადოდ მოემზადება. ყოველწლიურ მოხსენებაში პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და პანდემიით მიყენებული ზიანი და მისი შედეგები ახსენა. მისივე განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო გუნდმა ზუსტი და პრაგმატული გადაწყვეტილებებით წარმართეს პროცესი, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც მოწმობს.

„პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას – გაზარდა დანახარჯები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და შეამცირა შემოსავლები. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, ეკონომიკური აქტივობის ბაზისური ფუნქციების და სწრაფი აღდგენისთვის მზადყოფნის შენარჩუნება. დღეს ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი საერთაშორისო, მიუკერძოებელი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის რეაგირება პანდემიის პირობებში, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური და ეკონომიკური სფეროების მიმართულებით იყო სამაგალითო და ოპტიმალური. ის, რომ დღეს საზოგადოებასთან ჩვენ გვაქვს დისკუსია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფუნქციების აღდგენაზე, შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, ეს გახლავთ სწორედ იმის დამსახურება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და რაც მთავარია, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ, აბსოლუტურად ზუსტი და პრაგმატული გადაწყვეტილებები მიიღო პანდემიის პერიოდში. ბრძოლა კოვიდ-19-თან ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ მე კიდევ ერთხელ თითოეულ ჩემს კოლეგას მოგიწოდებთ, მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მაქსიმალურად ინფორმაციის მიტანას ჩვენს მოქალაქეებთან, განსაკუთრებით, ვაქცინასთან დაკავშირებით, ვინაიდან ყველა ეპიდემია და ყველა ისეთი ბიოლოგიური აგენტი, როგორიც გახლავთ კოვიდ 19, მარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის ეფექტური პროცესით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარების მიმართულებებსაც შეეხო. მანვე მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2020 წელს განხორციელებული ცვლილებები და რეფორმები სწორედ მათი ძალისხმევით და ჩართულობით წარიმართა. გამოსვლის დასასრულს არჩილ თალაკვაძემ ქართველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა.

„კიდევ ერთხელ მსურს მივმართო ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს არის მომავალზე ორიენტირებული როგორც არასდროს. პანდემიას ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად, აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია, ის ხედვა და განვითარების გეგმა, რომელიც პოსტ პანდემიურ პერიოდში ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია. პარლამენტი შეასრულებს საკუთარ ფუნქციას როგორც საკანონმდებლო, ისე საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროაქტიულ და პოზიტიურ დღის წესრიგზე გადავერთოთ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ამბები ყოველდღიურად იყოს თუ რა კეთდება, თუ როგორ ვპასუხობთ პრობლემებს, თუ როგორ ვაგვარებთ იმ საკითხებს, რისთვისაც თითოეული თქვენგანი საზოგადოებამ აირჩია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„პარტნიორ პარლამენტებთან და ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს ღონისძიებებს ინსტიტუციური განვითარების, აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერების და სამუშაო პირობების ჩამოყალიბების მიმართულებებით. პარლამენტმა უკვე შექმნა საპარლამენტო საბჭოები, მათ შორის, ბავშვის უფლებათა დაცვის, ღია მმართველობის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ამ ფორმატებში საპარლამენტო საქმიანობას, ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შეხვედრას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან, რათა ყველა სექტორული მიმართულებით განვიხილოთ მათთან სამომავლო გეგმები და შესაბამისად, მათი ძალისხმევაც იყოს ეფექტურად კოორდინირებული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხსენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და ანგარიშთან დაკავშირებით მათი შეფასებები მოისმინა. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კოლეგებს დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები კოოპერატივების გაერთიანების ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს კოოპერატივის წესდების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის დაწესებული ვადის 1 წლით გადავადებას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ასევე დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ სამი კომიტეტის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი კანონის განხილვის უფრო მოქნილი წესის შემოტანის მხარდაჭერას ითვალისწინებს. წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით ცვლილებების ინიციატორებმა და ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს.
სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებებზე მუშაობა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და სამუშაო პროცესში მრავალი დაინტერესული პირი იყო ჩართული. რაც შეეხება ცვლილებების არსს კი – 8 ნარკოლოგიურ სასუალებებზე განისაზღვრება მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების რაოდენობა. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორებმა დავით სერგეენკომ, თეა წულუკიანმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ვლადიმერ კახაძემ ისაუბრეს დასაზოგადოებისთვის ცვლილებების მიზანი და არსი კიდევ ერთხელ განმარტეს.
დღის წესრიგის ბოლო საკითხად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დადგენილების პროექტი – „საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებითი კომისია წინა მოწვევის პარლამენტებში ფუნქციონირებდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებთან მუშაობდა. მისივე განცხადებით, კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შესაბამის კვოტებს განსაზღვრავს, რომელიც ბიუროს წარედგინება. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე განიხილება და მისი წარდგენა ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0