საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება

03/01/2021

მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. “საზღვრის” საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ. მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს.

“საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამასთან, მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. “საზღვრის” საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდება, როგორც ევროპაში სახელმწიფოთა სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობად რუსეთის მიერ.
შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან,”- აცხადებენ უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0