საქართველოსა და რუმინეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

20/04/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო რუმინული მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დან ნეკულაესკუ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგს, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი კავშირები. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, რუმინეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტრიბუციისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. ასევე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუმინეთს დიდი წვლილი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესში.
ორმხრივი ურთიერთობების განხილვისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის აქტიურ დინამიკას, და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა აქტივობები მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის, რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გააქტიურების, ქალაქებისა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მხრივ.
კონსულტაციების ფარგლებში აღინიშნა, რომ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის ათვისება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოსა და რუმინეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენის საკითხი.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. რუმინული მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუმინეთის ევროპული დღის წესრიგის გამოკვეთილი პრიორიტეტი იქნება. მინისტრის მოადგილემ რუმინულ მხარეს გააცნო საქართველოს მიერ ბოლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და ესაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას ემსახურება.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალ სამიტსა და საქართველოს მოლოდინებს. მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ამ კონტექსტში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.
ქართულმა მხარემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების 300 წლიანი ისტორიის შესასწავლად და წარმოსაჩენად მინისტრების მოადგილეები მიესალმნენ ორი ქვეყნის ისტორიკოსთა კომისიის დაფუძნების ინიციატივას და გამოთქვეს მზაობა ხელს შეუწყობენ მის მუშაობას.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, შეხვედრები შედგა რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანგელ ტილვერთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ლივიუ პლეშოიანუსთან. ამას გარდა, გაიმართა შეხვედრა რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან სტრატეგიული თანამშრომლობის იმპლემენტაციის საკითხებში ანა ბირჩალთან.
რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობებზე. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მომავალ კვირას რუმინეთს ეწვიან საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რუმინელ პარლამენტარებს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების მიღებისთვის.
სტრატეგიული თანამშრომლობის იმპლემენტაციის საკითხებში რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ანა ბირჩალთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მთავრობის დადებითი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.
შეხვედრებზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ რეგულარულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ასევე, გამოიყენებენ რეგიონულ ფორმატებს თანამშრომლობის გასაფართოებლად.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონსულტაციები საქართველოსა და რუმინეთს შორის სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაციის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0