საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო

03/02/2023

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრ აუშრინე არმონაიტეს თავმჯდომარეობით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად შედგა.

„საქართველოსა და ლიეტუვას ბევრი აქვთ საერთო, ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგი ხშირად თანხვედრაშია. მის ეფექტიანად შესრულებაში ჩვენს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. კომისიის სხდომაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ინოვაციები, ტელეკომუნიკაციები. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს და ლიეტუვას გაწერილი დღის წესრიგი აქვთ. კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ძალიან კარგ პოლიტიკურ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთს მხარს უჭერენ ყველა მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ეს მხარდაჭერა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეების რანგში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა აუშრინე არმონაიტემ, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს, რომელშიც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ლიეტუვას ხელშეწყობა. ამასთან, ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განვითარების პროგრამებში ლიეტუველი ექსპერტების ჩართულობასა და ამ ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც მას ევროპულ ინტეგრაციაში დაეხმარა.

„დარწმუნებული ვარ, რომ კომისია კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ბიზნესებისთვისაც, რაც ეკონომიკურ თანამშრომლობას გაააქტიურებს. საქართველოს ბაზარზე ლიეტუვიდან შემოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი კომპანია, როგორიცაა „გირტეკა“ – ლოგისტიკური გიგანტი და დარგის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კომპანია. „გირტეკა“ საქართველოში დაიწყებს მუშაობას და რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს. ამ კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას. მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ 2023 წლიდან სხვა ლიეტუვური, წარმატებული ინოვაციური კომპანიებიც შემოვლენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მისი პირისპირ შეხვედრა ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0