საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აგრძელებს შეხვედრებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალურ ასამბლეაზე. დიალოგის ფორმატში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა AIPA-ს წევრი პარლამენტების (ბრუნეი, კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, ლაოსი, სინგაპური, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი) წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ქვეყნის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა AIPA-ს გენერალურ მდივანთან სიტი რაჰმანთან. ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საქართველოსა და AIPA-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს AIPA-ს 44-ე გენერალურ ასამბლეაზე
10/08/2023