საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:”დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მიხარია და მსიამოვნებს პირველი ოფიციალური ვიზიტით, რომ ვეწვიე ხორვატიის რესპუბლიკას – ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ახლო მეგობრად და სანდო პარტნიორად მივიჩნევთ. ჩემო ძვირფასო კოლეგავ, პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩ, მადლობას გიხდით მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. დიდად ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთვის სამაგალითო სახელმწიფოდ რჩება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში მან ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა. წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთანავე, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ქ. ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არამხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე მინდა ვახსენო, რომ დიდად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და მისწრაფებების ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებაში და ხალხთაშორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს დაამყარებს. ძვირფასო მეგობრებო, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში. სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებამ დამსახურებულად მოიპოვა დიდი აღიარება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ თავისუფლების იდეა საუკუნეების განმავლობაში განაპირობებდა საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულყოფილი წევრობისკენ. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად ახლა უფრო ახლოს ვართ ამ მიზანთან, ვიდრე ოდესმე. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, ის ხელშესახები მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა ბოლო 10 წლის განმავლობაში. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ – ევროკავშირის ლიდერებმა – გადაწყვეტილება მიიღეს (აქაც, მადლობა ხორვატიას) და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან ერთ წელზე მეტის განმავლობაში, საქართველომ უძლიერესი ნება აჩვენა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან, სტრატეგიულ და – ვიტყოდი, რომ – პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ამ გზის ერთგულნი ვრჩებით და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე მინდა ვთქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონული ენერგოტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი გააჩნია. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ევროპისთვისაც, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ნატოს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს. ასევე, ურყევად ვაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას. სამწუხაროდ, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ბრუტალური ომი გვქონდა 2008 წელს, რომელიც გამანადგურებელი იყო ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის შერიგება და ჩართულობა, რაც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა თავად იხილა რამდენიმე წლის წინ, უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობის სფეროში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის. მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად”.
ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი:”ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ვაღიარეთ ერთმანეთის დამოუკიდებლობა. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს მისი ვიზიტისთვის. დღეს საუბარი გვქონდა ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ხორვატიასა და საქართველოს შორის. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმ ამბიციებს, რაც ქვეყანას გააჩნია ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, ეკონომიკურ მდგომარეობაზე საქართველოში და შევეხეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობას. ხორვატია და საქართველო მოსახლეობის რიცხოვნობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს; ხორვატიის მოსახლეობა ოდნავ მეტია. საქართველოს გააჩნია ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. გასულ წელს ევროპულ საბჭოში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და მოლდოვა გახდებიან კანდიდატები, ხოლო საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და განესაზღვრა რამდენიმე – პრინციპში 12 – ვალდებულება. ეს არის ევროკომისიის დასკვნაში გაწერილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამაცნო ინფორმაცია მათი შესრულების დინამიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ წელს მოგვიანებით ამ საკითხებს კვლავ განვიხილავთ სამივე ქვეყანასთან მიმართებით, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით ვნახავთ წინსვლას ინსტიტუციურ სფეროში, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაწინაურდეს ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოს ამბიციას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდა სამიტზე და გააჟღერა გზავნილები. საქართველოს ამჟამად ორი ოკუპირებული ტერიტორია გააჩნია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით; რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიების ანექსია ფორმალურად მოახდინა რუსეთმა და ჩვენ ამას გაყინულ კონფლიქტს ვუწოდებთ. მსგავსი რამ მოხდა უკრაინის ყირიმში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, ისევე როგორც მოლდოვას დნესტრისპირეთში. ამ მხრივ, პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოში ძალიან მომთხოვნი და სენსიტიურია. პრინციპში, სამხრეთ ოსეთიდან თბილისამდე ადმინისტრაციული საზღვარი არსებობს დედაქალაქიდან ძალიან ახლოს – 40 წუთის სავალზე. თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და დაადასტურა,რომ ჩვენ გვსურს ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაც უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა ხორვატული კომპანიის ფუნქციონირებას საქართველოს ბაზარზე: „კონჩარი“, „იანდერ გალანსკი ლაბორატორია“, „დოკინგ სპან“ და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ახორციელებენ თავიანთ პროექტებს საქართველოში. გვინდა, რომ ეს დინამიკა გაუმჯობესდეს. გვინდა ბევრი ხორვატული კომპანია ვიხილოთ საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროგრამებში და გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში; ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ ევროკავშირის პროექტებისა და პარტნიორობის ფარგლებში. ასევე, საქართველოდანაც გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია – შეიძლება ასე ითქვას – და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ევროდირექტივების გადმოტანა ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებების პროცესში დახმარება, რადგან ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე თავი და კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს. ასევე ვაცნობე ბატონ პრემიერს ხორვატიაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 67 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში 20-მილიარდიანი ზრდაა. გუშინ გვქონდა ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადის აღნიშვნა. წარმოვადგინეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები და ფაქტობრივი შედეგები, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ვისაუბრეთ ასევე გარდაქმნაზე, რომელიც ვიქონიეთ ფულადი ერთეულის სახით ევროს დამკვიდრების კვალობაზე. მოგეხსენებათ ასევე, რომ გავხდით ევროზონის და შენგენის სივრცის წევრნი, ეს არის ის სამიზნეები, რომელიც შესრულდა წელს. ხორვატია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების ძალისხმევის მიმართულებით, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამბიციის მიმართულებით და ჩვენ გამოვიყენებთ ამ ვიზიტს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ძალიან მიხარია იმის თქმა, რომ დღეს ნაშუადღევს ზაგრებში გავხსნით საქართველოს საელჩოს ხორვატიაში. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ვიზიტისთვის ზაგრებში. მადლობას მოგახსენებთ ასევე ძალიან მაღალი დონის ანალიზისთვის, ქართული ხედვის გაცნობისთვის უკრაინის და შავი ზღვის მიმართულებით, მადლობა ამ საკითხებზე საუბრისთვის დღეს”.