ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამის პირველ პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ცირკულარული ეკონომიკის შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრებმა საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის შეფასების ასპექტები და გამოწვევები განიხილეს.
„საქართველომ დაისახა ძალიან ამბიციური გეგმა – შექმნას ცირკულარული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მიმდინარეობს სამიზნე ინდიკატორების განსაზღვრა. ჩვენი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში, ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი ითვალისწინებს ცირკულარულობის პირველ ნაბიჯებს. კოდექსის პარალელურად, დავნერგეთ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ახალი პრინციპები, მივიღეთ რამდენიმე რეგლამენტი, რათა ნარჩენების ცირკულარულობას შევუწყოთ ხელი, რომ მოხდეს ნედლეულის პრევენცია, ამოღება და გადამუშავება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეფასების პროგრამა შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მომზადდა; მისი მიზანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების გაზრდაა. პროგრამა ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფისათვის, საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისათვის რეკომენდაციების გაცემას, თუ როგორ დაჩქარდეს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დონეზე. პლენარული შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „ცირკულარული ეკონომიკის შეფასება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: სბმკ „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით. შეხვედრას განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი, გარემოს დაცვის, სოციალური, მმართველობისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი და დამოუკიდებელი ექსპერტი დარიუშ ედვარდ პრასეკი, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე და პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მენეჯერი მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.