საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი ხაშურის წყლის სისტემების მოდერნიზაციისათვის 65 მილიონ ევროს გამოყოფენ

01/08/2020

2020 წლის 31 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა, ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას „ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტისთვის, რომლის მიზანია ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, დომენიკ პაპენჰეიმი. პროექტის მიზანს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაცია წარმოადგენს. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების გაძლიერებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

”ამ პროექტით საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, “ევროპის გუნდის” სახელით საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაში. ვიმედოვნებ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის წყლის სექტორში თანამშრომლობის ეს პირველი მაგალითი დასაბამს დაუდებს ახალ პროექტებს ამ სფეროში, ყველასათვის უფრო მწვანე და უკეთესი სამყაროს უზრუნველსაყოფად,“- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

„ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მოსახლეობისა და მიმდებარე დასახლებების საყოფაცხოვრებო პირობებს. პროექტის განხორციელების შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, რომლის წვლილიც მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით,“ – განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა.

„ევროკავშირი საქართველოს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს საქართველოს წყლის სექტორში. ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ხაშურში მცხოვრები იმ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა, რომლებსაც არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და წყალარინების მომსახურებაზე. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების გაწმენდას, რაც მიმდებარე მდინარეებსა და ნიადაგს დაბინძურებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანების ჯანმრთელობის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში,“ – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომენიკ პაპენჰეიმმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0