საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილეს. საკითხი ეხება საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ორ სასესხო შეთანხმებას, რომელთაგანაც ერთი საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას ეხება, მეორე კი თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. სარატიფიკაციო დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“ 17 მლნ ევროს ეხება, რომლითაც გათვალისწინებულია 175 ავტობუსის შეძენა მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით შედარებით დიდი ქალაქებისთვის: რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ფოთი.”
მომხსენებლის განცხადებით, რეგიონებში ტრანსპორტის მხრივ მდგომარეობა ზოგადად გაუმჯობესებას საჭიროებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, მუნიციპალიტეტების მოთხოვნაა დაახლოებით 750 ერთეულ ავტობუსზე.
პირველი ეტაპისთვის განისაზღვრა სწორედ ზემოაღნიშნული ქალაქები. EBRD სესხის სახით აფინანსებს ავტობუსების შესყიდვას და ამავდროულად მზად არის მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად. სესხის თანხა 17 მლნ ევროა, სესხის ხანგრძლივობა 10 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 3 წელი.
რაც შეეხება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)“, იგი წარმოადგენს EBRD-თან 2016 წელს გაფორმებული პროექტის გაგრძელებას.
2016 წლის პროექტის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა და ამჟამად ქალაქს ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი. ახალი შეთანხმებით EBRD-მა გამოყო სესხი 80 მლნ ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისათვის. სესხის ხანგრძლივობა წარმოადგენს 15 წელს, შეღავათიანი პერიოდი – 3 წელი. კომიტეტმა ორივე სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სასესხო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა
19/12/2019