საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

13/12/2019

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს: სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი“ და საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის”. სარატიფიკაციო დოკუმენტები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ახალი სასესხო ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან ითვალისწინებს შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსებას, რომელიც არის რიკოთიდან ზესტაფონამდე მონაკვეთის მეოთხე ლოტი.
სესხის მოცულობა შეადგენს 255 მლნ 100 ათას ევროს. სესხის ხანგრძლივობა არის 26 წელი, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი – 11 წელი. მისი თქმით, მშენებლობაზე დაახლოებით 900 ადამიანი იქნება დასაქმებული, ჯამში 15 კმ-იანი მონაკვეთია და მისი მშენებლობა უკვე მომდევნო წლიდან დაიწყება.
რაც შეეხება საკრედიტო შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის, მომხსენებლის განცხადებით, ესეც ახალი ხელშეკრულებაა, თუმცა მისი საფუძველი არის 2018 წელს მიღწეული შეთანხმება საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან სოციალური კეთილდღეობის პროგრამის თაობაზე.

„ჯამში არის სამწლიანი პროგრამა და 105 მლნ ევროა გამოყოფილი საფრანგეთის მხრიდან. წელს იანვარში 35 მლნ ევრო უკვე მიღებულია და ხელშეკრულების რატიფიცირების შემთხვევაში დამატებით წელსვე გამოიყოფა 35 მლნ ევრო. სესხი 20-წლიანია, შეღავათიანი პერიოდი – 6 წელი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტმა ორივე შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0