საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა

26/03/2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე იმსჯელა. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება სახელმწიფო ბაჟის სახით საფასურის გადახდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის. გაუქმდება ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით საფასურის გადახდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის.

„ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციისთვის განსაზღვრული საფასურის შესაბამისი დაწესებულებების ანგარიშზე ნაწილობრივ (50 პროცენტის ოდენობით) ჩარიცხვა“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე განიხილა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მირზა გელაშვილის განცხადებით, განისაზღვრება ტერმინი „ქსელი“, როგორც – თანამშრომლობაზე ორიენტირებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე არის ორიენტირებული ან წარმოადგენს საერთო საკუთრებას, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, გააჩნია საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა და პროცედურები, საერთო ბიზნეს სტრატეგია, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. კანონპროექტით, გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი დასაქმებული იყოს გარიგების პარტნიორად ერთზე მეტ აუდიტორულ ფირმაში ან აუდიტორულ ფირმაში გარიგების პარტნიორად ყოფნის პარალელურად ინდივიდუალურად ახორციელებდეს აუდიტორულ მომსახურებას.

„კანონპროექტის მიღებით გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში ანგარიშგებააუდიტის რეფორმის განხორციელების კუთხით და საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად დაიხვეწება და დაუახლოვდება ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციებს“, – განაცხადა მირზა გელაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0