სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშები და სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინეს. ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ სხდომის მონაწილეებს „აგროდაზღვევის პროგრამის განვითარების და მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ წარუდგინა და იმ რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნული დარგის შესწავლისას გამოვლინდა. მომხსენებლის ინფორმაციით, აუდიტის პერიოდი 2014-2021 წლებს მოიცავს, საანგარიშო პერიოდში კი აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ. ლარი გამოიყო, რომელიც 95 ათასამდე ბენეფიციარზე გადანაწილდა.
დეპარტამენტის უფროსმა პროგრამის აუდიტის შედეგად მომზადებული ორი რეკომენდაცია წარადგინა:
სადაზღვევო შემთხვევების ადმინისტრირების პროცესზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევების მონაცემთა მართვის ერთიანი სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება. სრული და ზუსტი რეგულარულად განახლებადი მონაცემების წარმოება, სათანადო კონტროლის დანერგვა აგროდაზღვევის პროგრამის რისკების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირების მექანიზმების შემუშავებისთვის.
სოფლის განვითარების სააგენტომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უზრუნველყოს საჩივრების კატეგორიზაცია შინაარსის მიხედვით და იმ ტიპის საჩივრების იდენტიფიცირება, რომელიც მოქმედი სისტემის ფარგლებში დამაკმაყოფილებელი ხარისხით ვერ გვარდება.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ განმარტება გააკეთა. მისი განცხადებით, სამინისტრო უკვე გაეცნო აუდიტის სამსახურის დასკვნას და მთელი რიგი საკითხები უკვე იდენტიფიცირებულია. მისივე თქმით, რეკომენდაციის ნაწილის შესრულება ტექნიკურ, პროგრამულ უზრუნველყოფის საკითხს განეკუთვნება, რომლის მოგვარებაზე დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა უკვე დაწყებულია.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე“ აუდიტის ჯგუფის მიერ მომზადებული ინფორმაცია წამყვანმა აუდიტორმა, ნაზი ჩაგანავამ წარადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, აუდიტის ობიექტებს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენდა, აუდიტის პერიოდი კი 2018-2021 წლებს მოიცავს. საკითხის შესწავლისას აუდიტის სამსახურის მიერ გარკვეული მიგნებები გამოვლინდა და 6 რეკომენდაცია გაიცა. წამყვანმა აუდიტორმა სახელმწიფო ორგანოების მიმართ მომზადებულ რეკომენდაციებზე და მათი შესრულების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ისაუბრეს.
სხდომაზე განხილული საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ შეაჯამა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს წარმომადგენლები სრულად იზიარებენ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და მათი შესრულების მიზნით გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი წლის განმავლობაში, პერიოდულად კვლავაც გაეცნობა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებს და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე თემატურ შეხვედრებს გამართავს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
14/02/2024