საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული მოსაკრებლის თანხა და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი ჩამოიწერება.
„აღნიშნული ამნისტია ხელს შეუწყობს იმ პირთა სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, რომლებზეც ზეგავლენას ახდენდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, აღნიშნული ერთჯერადი ამნისტია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს. პოსტკოვიდურ პერიოდში კი არასტაბილური გარემო კიდევ უფრო ზრდიდა ბიზნეს საქმიანობის განხორციელების რისკებს და ართულებდა ეკონომიკურ მდგომარეობას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.