საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები თანდართულ მასალებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პარლამენტში საკითხის განხილვის შემდეგ, მთავრობამ ყველა ის შენიშვნა და წინადადება გააანალიზა, რაც პარლამენტის დასკვნაში აისახა. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში აისახა.
„ეკონომიკური პარამეტრების ცვლილება არ გვაქვს, როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე, ინფლაცია და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი არის უცვლელი, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მომდევნო წელს არის 5,2%, შემდეგ წლებში კვლავ შენარჩუნებულია 5%-იანი მაჩვენებელი. ინფლაციის მაჩვენებელი არის მიზნობრივზე დაბლა – 2,8%. მშპ-ს დეფლატორი ასევე – 3%-ით არის განსაზღვრული, როგორც იყო პირველადი ვარიანტის წარმოდგენის დროს. ნომინალური შიდა პროდუქტიც ასევე უცვლელია – 83,4 მილიარდი ლარი 2024 წლისთვის, მომდევნო წლებში კი ის მზარდია და 2027 წლისთვის 108 მილიარდ ლარამდე აღწევს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის უცვლელი, მთავრობა დამატებითი წყაროების მოძიებაზე მუშაობდა, შედეგად, გამოჩნდა რესურსი, რაც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 700 მილიონი ლარით გაზრდის საშუალებას იძლევა და სწორედ ეს არის ის რესურსი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დამატებით განაწილდეს. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სწორედ აღნიშნული რესურსის გათვალისწინებით იზრდება ბიუჯეტის რესურსი და შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 25, 8 მილიარდი ლარი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი 704,3 მილიონი ლარით იზრდება და 24 მილიარდ 865 მილიონ ლარს შეადგენს.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები იქნება 20 მილიარდ 569 მილიონი ლარი და ის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 685,6 მლნ ლარით არის გაზრდილი. ბიუჯეტის ზრდა ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე ხდება, სხვა შემოსავლები უცვლელია და 1 300 მლნ ლარია, უცვლელია ასევე გრანტები – 261 მლნ. ლარი, პრივატიზაციიდან შემოსავლებიც და სესხების დაბრუნებაც უცვლელია და შესაბამისად, 200 მლნ და 300 მლნ. ლარია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, 704,3 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც დამატებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებებზე.
მისი თქმით, 65 მლნ ლარი დამატებით გამოეყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სამინისტროს დაფინანსება 7 800 მლნ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, 2024 წლისთვის გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამების, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში მოხდეს საპენსიო ასაკის მოსახლეობის ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფა. თანხების დამატება ხდება ასევე სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დამატებითი შემოსავლები მთავრობას საშუალებას აძლევს დამატებით გაწიოს არაერთი მნიშვნელოვანი ხარჯი განათლების, კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურის, მართლწესრიგის დაცვის, თავდაცვის და სხვა მიმართულებით. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კომიტეტმა სხდომაზე ასევე მოისმინა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შესახებ“. საკითხი ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. როგორც მან განაცხადა, ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მონაცემები იმის დასტურია, რომ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის არც ხარჯვით და არც შემოსულობის ნაწილში პრობლემა არ იქნება. კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტიც განიხილა, კერძოდ, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა მეორე მოსმენით – მუხლობრივად წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას შესაბამის საქმიანობაში ჩართული პირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება.