საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

13/09/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობით. შიდა აუდიტი არის საქართველოს საჯარო სექტორში მიმდინარე სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. რეფორმის დანერგვა გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ კანონპროექტის წარდგენისას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. ამასთან, კანონპროექტი კანონის რეგულირების სფეროსთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის აღმოფხვრასაც უზრუნველყოფს. ცვლილებით შეიქმნება საკანონმდებლო საფუძველი და დარეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ზოგადი, თეზისური საკითხები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება შიდა აუდიტორთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მექანიზმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0