საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სურსათის დანაკარგების, ნარჩენების შემცირების და შეწირულობის საკანონმდებლო დონეზე მოგვარებას მხარი დაუჭირა

12/04/2023

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელა, რომელიც სურსათის ნარჩენებთან, დანაკარგებთან და შეწირულობასთან დაკავშირებულ საკითხებს საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგებს.

„ეს არის სრულიად ახალი კანონპროექტი, რომელიც შემოდის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და ახლებურად აწესრიგებს სურსათის ნარჩენებთან, სურსათის დანაკარგებსა და შეწირულობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კანონპროექტის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ნარჩენების პრევენცია. კანონპროექტი ითვალისწინებს სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციების და სურსათის ბანკების შექმნას ქვეყანაში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს დაბალი რისკის პროდუქტის მიწოდებას ყველანაირი შეღავათით მათთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, – განაცხადა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261 კილოგრამია და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, ამ დროს კი მოსახლეობის დიდ ნაწილს სურსათის საჭიროება აქვს. საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა და ადგილობრივი ექსპერტის ჩართულობით. მისივე თქმით, კანონპროექტი მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდანაც, რომ საქართველო რეგიონში იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე მოაწესრიგებს სურსათის ნარჩენების წარმოქმნის, მართვის და მისი შეწირულობის შესახებ საკითხებს.
ახალი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას ოთხ კანონში. კერძოდ, ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში, ნარჩენების მართვის კოდექსსა და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში. ​საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სასურსათო ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხების სწორად მოწესრიგებას და კომიტეტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0