საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი ნორმები, აღმოიფხვრება რიგი უზუსტობები, უზრუნველყოფილი იქნება მოქნილი ადმინისტრირებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და საბაჟო კანონმდებლობის რიგი დარღვევის პრევენცია. იცვლება დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი საწარმოსთვის და ორგანიზაციისთვის. საბაჟო ორგანოს უფლება ექნება დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ დეკლარანტი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
28/03/2023