საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ: „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე“. როგორც აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტის ჯგუფმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ 28 თებერვალს განიხილა. ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის მიზანი იმის შეფასება იყო, ბიზნესომბუდსმენმა რამდენად ეფექტიანად უზრუნველყო 2018-2021 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებების და კანონიერი ინტერესების ზედამხედველობა. მისივე თქმით, გამოვლენილ მიგნებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაიცა ხუთი რეკომენდაცია, რომლებიც დღეისათვის შესრულების პროცესშია. პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, აუდიტის ჯგუფმა 28 თებერვალსვე განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 2021 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ და „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციები განიხილა
24/03/2023