საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრა

06/06/2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გააცნო. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი საბიუჯეტო განაცხადი 1 მილიონ 557 ათასი ლარით არის შემცირებული. გიორგი შარაბიძემ საბიუჯეტო განაცხადის ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების ხარჯი 20 მილიონ 471 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 59 პროცენტს შეადგენს. მისივე თქმით, 2023 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები დაიფარება: მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები, სასერვერო ინფრასტრუქტურის ლიცენზიები, არჩევნების მართვის ელექტრონული პროგრამის ძირეული განახლება და გათვალისწინებულია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური ტრენინგები.

„ყველა ზემოთ აღნიშნული ხარჯი უკავშირდება 2024 წლის არჩევნების მზადების პროცესს, მაგრამ ვინაიდან პრაქტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების წელი არ არის ხოლმე საკმარისი მსგავსი მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად, ასეთი ტიპის სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დავყავით და ძირითადი დასრულდება 2023 წელს. 2024 წლის პირველი კვარტლისთვის აბსოლუტურად დამთავრებული უნდა იყოს ყველა ინფრასტრუქტურული თუ სხვა სამუშაო და 2024 წელს საარჩევნო ადმინისტრაცია ოპერირებდეს საერთო არჩევნების კონტექსტში“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის, (სწავლების ცენტრი) დაფინანსება შეადგენს 500 მილიონ 434 ათას ლარს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადში 12 მილიონ 743 ათასი ლარია გათვალისწინებული. ​საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0