თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბერძულიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები:
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილება გამოიწვია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის N265-მა განკარგულებამ და ხარჯვითი ნაწილის კორექტირებამ. აგრეთვე, სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზარდა მიზნობრივი ტრანსფერი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტს გამოეყო 918,1 ათასი ლარი სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის. მიზნობრივი ტრანსფერი კი გაიზარდა 8,0 ათასი ლარით. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაიზარდა 926,1 ათასი ლარით და შეადგენს 13633,2 ათას ლარს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის N46-82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ბიუჯეტში განხორციელებულმა ცვლილებამ გამოიწვია თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის ცვლილება.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხების ბიუროს სხდომაზე გატანა.
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა საკრებულოში
02/03/2016