საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში განიხილა

18/05/2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დოკუმენტი დეტალურად მოიცავს მაუწყებლის საქმიანობის და ყველა გადაცემის შესახებ ინფორმაციას. მისივე თქმით, 2021 წლის შეჯამებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავდა ბალანსს სამ ძირითად კატეგორიას შორის, რასაც მაუწყებელს კანონი ავალდებულებს. ეს არის ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები, კულტურა, განათლება, შემეცნება და ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი პროდუქცია. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს სატელევიზიო ეთერის 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. აქედან გასართობი იყო 17 %, სპორტი – 16 %, საბავშვო ახალგაზრდული – 7 %, საზოგადოებრივ-პოლიტიკური – 9 %, საინფორმაციო ასევე 9 %. შემეცნება, განათლება და კულტურა კი 32 %. მან დეპუტატებს თითოეული მიმართულებით მაუწყებლის მიერ დახარჯული ბიუჯეტი გააცნო და იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც მაუწყებელი მუშაობს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე შეიქმნა 30-მდე მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევარი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება გაამახვილა ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღების და ახალი შენობის მშენებლობის მნიშვნელობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მაუწყებლის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დიდი ინტერესია და იმედი მაქვს, წამყვან კომიტეტზე კიდევ უფრო ფართე განხილვა გაიმართება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანგარიშს იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც კომიტეტს ჩვენი პროფილიდან გამომდინარე ანგარიშის მიმართ აქვს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა, სადაც ასახული იქნება შენიშვნები პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0