საუკეთესო სამოქალაქო ინიციატივები-წლის შემაჯამებელი ღონისძიება

08/06/2016

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის სამოქალაქო პროგრამის „მომავლის თაობა“ – ფარგლებში დღეს წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროგრამის ეგიდით გურიის საჯარო სკოლებში დაარსებული სამოქალაქო კლუბები, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრების მხარდაჭერით სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებს ახორციელებენ.
ბავშვების მიერ განხორციელებული აქტივობები მოიცავდა ქველმოქმედებას, თემებში არსებული პრობლემების მოგვარებას, გარემოსდაცვით ღონისძიებებს, დასუფთავების აქციებს და მრავალ სხვა საინტერესო ინიციატივას, რომელთაც სამოტივაციო და დადებითი შედეგი ჰქონდა.
განხორციელებული პროექტების მოკლე პრეზენტაციები დღეს ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს.
პროექტის კოორდინატორებმა, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა თამარ ღლონტმა, ქეთევან გობრონიძემ და ინგა დუმბაძემ წლის ყველაზე წარმატებული სამოქალაქო კლუბები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები პრიზებით, მადლობის სიგელებითა და პლანშეტებით დააჯილდოვეს.
პრიზები საუკეთესო სამოქალაქო ინიციატივებისთვის გადაეცათ: დაბა ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს „black sea”, სამოქალაქო განათლების პედაგოგს – ცისანა ჭეფხოძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს დაბა ურეკში – დავით რობაქიძეს – კლუბის ფინანსური დახმარებისა და სტიმულირებისთვის, სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწეს – ბადრი თავდუმაძეს, გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბს „თავისუფალი არჩევანი“ და სოფლის გამგებელს კონსტანტინე ჩიკაშუას, ასევე, გურიანთის მაჟორიტარ დეპუტატს ბონდო ღლონტს, სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლის კლუბს „თავისუფალი ხედვა“ და პროექტის სხვა მონაწილეებს.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი – მაიზერ ცელაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე – ლელა საჯაია დაესწრნენ.
პროგრამა “მომავლის თაობას” ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0