პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში ტყეების კლიმატმეგობრული და მდგრადი მართვის პრაქტიკის შესახებ იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის წარდგენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაესწრო. იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად 920,000 აშშ დოლარის ღირებულების ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. ერთწლიანი ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეების მდგრადი და კლიმატგონივრული მართვის პრაქტიკის დანერგვას – ტყეების დაცვას, ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და გაჩეხვის შემცირებას და ტყის ხანძრების პრევენციასა და შესაბამისი რისკების მართვას.
„სატყეო სფერო ეს ის სფეროა, რომლის რეფორმირებას საქართველო თითქმის 15 წელზე მეტი ხანია ახორციელებს და ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არის შესაბამისი იმასთან, რასაც ჩვენ ტყის მდგრად მართვას ვეძახით. თუმცა, ტყის მდგრადი მართვა სიტყვებად დარჩებოდა, კანონი კანონად დარჩებოდა, რომ არ იყოს ძალიან დიდი მხარდაჭერა პრაქტიკული კუთხით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და ტყის მდგრადი მართვის კუთხით ნამდვილად ძალიან დიდ ძალისხმევას იჩენს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ეს კონკრეტული პროგრამა, იაპონიის მთავრობის ქვედაფინანსებით, არის ნამდვილად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ უკვე პრაქტიკულ ღონისძიებებს ითვალისწინებს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენი კომიტეტისთვის ახალი პრიორიტეტები გვაქვს დადგენილი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ადაპტაცია გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან, იმისთვის, რომ ტყის მდგრადი მართვა გახდეს პრაქტიკული მექანიზმი, არის „მწვანე ეკონომიკა“ და ადგილობრივი მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათ გაიგონ რა შესაძლებლობებს იძლევა „მწვანე განვითარება“ ზოგადად. სწორედ ეს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ხორციელდება პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის და, მათ შორის, საქმიანი ეზოების მოწყობის კუთხით მცხეთის მუნიციპალიტეტში, იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ პრაქტიკაში დავინახოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს „მწვანე განვითარებამ“ როგორც ინდივიდს, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად შედეგიანი იყოს ჩვენი და, ზოგადად, გლობალური გარემოს დაცვისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მან მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელებს დახმარებისა და ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისათვის. ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და UNDP-ის რეგიონული დირექტორი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.