სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა

02/11/2022

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის. მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და EBRD-თან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, რომ ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება.

„სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან – ფინანსთა სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ავტობუსები და ავტობაზა შევისყიდოთ საბიუჯეტო სახსრებით, არ ავიღოთ ამისთვის სესხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ოფიციალურად მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, მოვითხოვეთ ამ სასესხო ხელშეკრულებიდან ავტობუსებისა და ავტობაზის მშენებლობის კომპონენტების ამოღება და პროექტის განხორციელება საბიუჯეტო დაფინანსებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესყიდვის პროცედურები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ის ითვალისწინებს 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას 2023-2024 წლებში და ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

„აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, განსაკუთრებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც ითვალისწინებს 2023-2024 წლებში, თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას და ამ ავტობუსებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ცხადია, ეს ავტობუსები ყველა ქუჩაზე ვერ იმოძრავებენ, თავისი ზომებიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე. ამდენად, კონკრეტულ ქუჩებზე ყველაფერს ისე მოვაწესრიგებთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია. მისი განმარტებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის.

„საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი, ასევე, ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს „მამისონი“, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა. სამუშაოები, დაახლოებით, 210 დღეში უნდა დასრულებულიყო. ძალიან კარგად მესმის ყველაფერი, მაგალითად ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ცვლილება, რაც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე ჩატარდა ეს სამუშაოები, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების ასეთი დაგვიანება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემდეგ აისახება ჩვენზე – პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გულდასაწყვეტია, რომ არსებობენ ასეთი კომპანიები, თუმცა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის.

„ძალიან ცუდია, რომ სამშენებლო მიმართულებით არანაირი კულტურა არ არსებობს. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთეული კომპანიების გარდა, არავინ ზრუნავს საკუთარი კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამაზეც გამახვილდა და აღინიშნა, რომ პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო, რომელიც ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს.

„დედაქალაქში ბევრი სხვადასხვა კატეგორიის ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. მათი ჩანაცვლება-განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტის განხორციელება. პირველი ავარიული კორპუსი მდებარეობს ვარკეთილის მესამე მასივში, საიდანაც გაყვანილია 36 ოჯახი. მათ საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ახორციელებს სადემონტაჟო სამუშაოებს, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალ წელს კი დაიწყება ახალი კორპუსის მშენებლობა, რომლის პროექტიც მზადაა. გაცემულია სამშენებლო ნებართვა. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება. მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრობს ასეთ შენობა-ნაგებობებში, იაქტიურეთ, ჩვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ისაუბრა, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაა, რომლის განხორციელებაც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა,

„ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები. მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამზირია და არსებული ვითარება სახარბიელო არაა. გვაქვს კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთდროულად განხორციელება დედაქალაქში გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თბილისის მუნიციპალიტეტი მათ ეტაპობრივად ახორციელებს.

„ცხადია, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი მსხვილი პროექტები ერთდროულად დავიწყოთ. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის თუ გამზირის ერთდროულად ჩაკეტვა გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს. შესაბამისად, გვიწევს ამ პროექტების ეტაპობრივად განხორციელება, თუმცა, ყველა მეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ამ გამზირების განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, ცხადდება ბაზრის კვლევა, ჩატარდება კონკრეტულად ტენდერი, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ახალი წლის მერე, როდესაც დღესასწაული ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. კახა კალაძის განცხადებით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

„ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ქალაქს, შვილებს მწვანე სივრცეები ძალიან სჭირდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან ავტოფარეხების ნაცვლად, კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ავტოფარეხების დემონტაჟზე მზაობა გამოთქვან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ და მათ ადგილას რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.

„ავტოფარეხები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ეს არის უსახური ნაგებობები, ისინი ეზოების დიდ ნაწილს იკავებენ, ზოგს მოსახლეობა არც იყენებს. 2017 წლიდან დავიწყეთ ავტოფარეხების რეკრეაციული სივრცეებით ჩანაცვლების პროექტი. თუ ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობა იქნება, დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად, სადემონტაჟო სამუშაოებს უსასყიდლოდ ასრულებს და შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მცხოვრებლებს აქტიურობისკენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის.

„მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს კადრების წაყვანის თვალსაზრისით. მინდა, მადლობა ვუთხრა ლევანს იმ შრომისთვის, რომელიც წლების განმავლობაში, გასწია ჩვენი ქალაქისთვის, ყველა იმ სამსახურისთვის, სადაც საქმიანობდა. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გიორგი აბუთიძის კანდიდატურა დასამტკიცებლად, საკრებულოს მომდევნო დღეებში გადაეგზავნება. საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას უწყების კიდევ ერთი თანამშრომელი – თამარ ჩარკვიანი წარუდგინა, რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია.

„თამარ ჩარკვიანი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მუშაობს მისი გახსნის დღიდან. ის უშუალო მონაწილეა წლების განმავლობაში ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მიმდინარე ყველა იმ მნიშვნელოვანი ცვლილების, რაც ძუძუს კიბოს სკრინინგის განვითარებას, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ გადამზადებას, ტექნიკური ხარისხის უზრუნველყოფას უკავშირდება, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ხარისხიანი, სანდო და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ქალბატონ თამარს ძალიან დიდი მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში, ერთად ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ აქვე, მოქალაქეებს მოუწოდა, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მიმართონ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევები ჩაიტარონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0