სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის

15/08/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გრძელდება. მისი თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი არსებობს, რომელთაც 30 დამტენი შეემატება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რეფორმა, რომლის განხორციელება დავიწყეთ, ბევრი სიახლისგან შედგება. ელექტრომობილების წახალისება ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რათა გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში. ამ მიზნით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩვენ უკვე 60-მდე ერთეული ელექტროდამტენი დავამონტაჟეთ. დღესაც მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ მათით სარგებლობა. ეს არის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება, რათა ადამიანებმა არჩევანი ელექტრომობილების სასარგებლოდ გააკეთონ. მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში ელექტრომობილების რიცხვი იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში 5 ახალი ელექტროდამტენი განთავსდება, საბურთალოს რაიონში – 4, დიდუბეში – 4, ნაძალადევში – 2, ჩუღურეთში – 2, მთაწმინდაზე – 3, ისანში – 4, გლდანში – 1, სამგორში – 3, კრწანისში – 2, მათ ოპერირებას კი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, იმისთვის, რომ ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ელექტრომობილების დამტენებით სარგებლობა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, 20 დამტენი განთავსდება ოთხ ლოკაციაზე. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური, ექვს-ექვსი დამტენით გზის ორივე მხარეს; ასევე, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, გორის მიმდებარედ ერთი სადგური, ოთხი დამტენით დასავლეთის მიმართულებით; ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ერთი სადგური, ოთხი დამტენით. თბილისის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ განთავსებული დამტენების ფუნქციონირებას კომპანია „საკენი ბიოგრაფისგან“ უზრუნველყოფს, რომელიც „ვისოლი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული. უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი და დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენა მოხდება.

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ბინების შესყიდვა. უკვე 56 ბინა შესყიდული, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ჯერ უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. უსახლკაროს სტატუსს ჯანდაცვის სამინისტრო ანიჭებს. შემდეგ უკვე საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეის მდგომარეობით, 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავს რეგისტრირებული და საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 17 ოჯახი, რომელთაც გარემონტებული ბინები გადაეცემათ. აღნიშნული კორპუსის მშენებლობა, და სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს.

„საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში ავარიული სახლი მდებარეობს. ეს არის 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დანგრევის პირასაა, სადაც, დაახლოებით, 17 ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობის ნაცვლად, აშენდება 8-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. მზად ვართ, ყველა იმ ოჯახს დავეხმაროთ, ვისაც ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს და იქაც მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ მარტო თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ მოხდეს აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, ჩავრთოთ ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა, რათა მათი ავარიული სახლებიც უსაფრთხო და გარემონტებული ბინებით ჩანაცვლდეს.

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს დედაქალაქში, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც, შევძლებთ აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლებას და იქ მცხოვრებ ადამიანებს სრულიად ახალ, თანამედროვე ქართული არქიტექტურით აშენებულ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც მშენებლობის ფაზაშია, ასევე, სხვადასხვა მოსამზადებელ ეტაპზე არსებული და ისეთი პროექტებიც, რომლებიც ნებართვას ელოდება. პროგრამა კარგად მუშაობს, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვიღაც უფრო მეტ ფართს ითხოვს, რისი უფლება და საშუალება არ გვაქვს. მზად ვართ, საცხოვრებელი ბინები გადავცეთ იმ ფართის ფარგლებში, რომელიც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. თბილისის მერის განცხადებით, უკვე დასრულდა აღნიშნულ მისამართზე განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი.

„გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით, 30-მდე ოჯახი ელოდება ახალი საცხოვრებლის მიღებას. ჯერ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოხდება, შემდეგ კი ახალი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების მე-2 მიკრორაიონში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სკვერები სამ მისამართზე ეწყობა. პროექტები 5 500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხორციელდება.

„ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში ეწყობა სკვერები, გამწვანებული ზოლები, სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს სამ მისამართზე, რომელთა ფართობი 5 500 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსდება ინოვაციური, თანამედროვე საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე, მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები და განთავსდება ყველა საჭირო ინვენტარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სივრცეების არსებობა დედაქალაქში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს რეაბილიტირებული, მეტი პარკი გვქონდეს, რადგან დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს მწვანე სივრცეების არსებობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. კახა კალაძემ აღნიშნა, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

„სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონში, N414 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 13 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკო ინვენტარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ტერიტორიაზე, კორპუსების მიმდებარედ არსებობდა უკანონო შემოღობვები, რომლებიც მოიხსნება და რეკრეაციული სივრცის მოცულობა გაიზრდება. ძალიან მიხარია, რომ მოსახლეობის მხრიდან გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება და თანხმობა, რომ ავტოფარეხებისა და შემოღობვის დემონტაჟი მოხდეს. არის შემთხვევები, როცა ამის წინააღმდეგი არიან. არადა ეს ყველაფერი კეთდება ისევ ადგილობრივებისთვის, რომ მოწესრიგდეს, გალამაზდეს სივრცეები და ხალხმა გამოიყენოს, დაისვენოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადე მოეწყობა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, თუმცა ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

„გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები და საშიშროება მთლიანად მოხსნილია. დავიწყებთ დამატებით სამუშაოებს. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ ეს ფაქტი ისევ არ განმეორდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამცავი ბადეები იყო დამონტაჟებული, საჭიროა სხვაგვარი პროექტის განხორციელება, რომ უფრო დაცული ვიყოთ. ფერდზე არსებული ბადე ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას. პრევენციის მიზნით, საჭიროა ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა. პროცესში ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. პირველი ასეთი პროექტი კოსტავას ქუჩაზე განვახორციელეთ, რომელიც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დასრულდება. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზეც ანალოგიური პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

„დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს მიმართა, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ.

„რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს არც ქვეითებისთვის, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის, არც სახანძროსთვის და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვადის გასვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

„ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე. ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია, როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზადაა თანამშრომლობისთვის. გონივრული ვადა დასასრულს უახლოვდება. გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტოს ჩათვლით, თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები, არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს, ამდენი თანხა დაიხარჯა, ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დღეს არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა კახა კა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0