სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა

10/03/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა ეკონომიკური დახმარების კიდევ ერთი პაკეტი შეიმუშავა. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართული მოქალაქეები და ორგანიზაციები ისარგებლებენ.

„არსებული პანდემიის პირობებში, ეკონომიკური თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ხელშეწყობა გამოვუცხადოთ. რამდენიმე დღის წინ, მცირე და საშუალო ბიზნესის თანადგომისთვის, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, შევიმუშავეთ დახმარების პაკეტი, რომლითაც რესტორნები და კაფეები ისარგებლებენ. ეს მნიშვნელოვანია ამ რთულ ვითარებაში, რომ მათ მომავალში ჩვეულებრივად შეძლონ ფუნქციონირება. პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება – ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც პანდემიის გამო, ყველაზე პირველი გაჩერდა. რეკომენდაციის ფარგლებში, მოუწიათ დახურვა და დღემდე, უკვე ერთი წელი გავიდა, არ ფუნქციონირებენ. ეს მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სექტორში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. მათ უკან დგანან ოჯახები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ელექტრონული მუსიკის სივრცეებსა და მსგავს ორგანიზაციებს დიდი წვლილი შეაქვთ, როგორც ღამის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე, დედაქალაქის მსოფლიო მასშტაბით წარმოჩენაში.

„ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ჩვენი ქვეყნის, დედაქალაქის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს შევუნარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა. ასევე, სახელმწიფოს თანადგომით, უნდა შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ აქტიურად განაგრძნონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება უშუალოდ დახმარების პაკეტს, კახა კალაძის თქმით, მისი ოდენობა 2 მილიონი ლარი იქნება და სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია.

„მუნიციპალიტეტს, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ მოქალაქეებთან გვქონდა კომუნიკაცია. ბევრი შეხვედრა გაიმართა. მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც 2 მილიონი ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ. ასევე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში დაიწყება უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

„იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, აღნიშნული მიმართულება გამოვაცოცხლოთ და ღამის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შევძინოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო არსებული პრობლემის მოგვარებაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოეს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. დამატებით, გვინდა შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 27 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ სოციალური პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ამ მიმართულებით, 1 500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მსგავს ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ვისაც ანალოგიური, ფართების დაკანონების პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც დეტალურად აგიხსნიან და მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი, რათა თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე შენობა-ნაგებობის უკანონოდ განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან დედაქალაქის მთავრობა სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია, სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. ჩვენ ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 6-7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ის ოჯახები, ვისაც სახლი არ აქვს და სოციალურად შეჭირვებულია, დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ პროგრამა გაფართოვდა და დაფინანსება თბილისში რეგისტრირებულ უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტზე გაიცემა.

„მინდა, მოგახსენოთ ერთ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც რამდენიმე მთავრობის სხდომის წინაც ვისაუბრე. ეს არის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, წარმატებულ, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს ვეხმარებით. ჩვენი ინიციატივით, ეს პროგრამა გაფართოვდა და დაფინანსება თბილისში რეგისტრირებულ უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტზე გაიცემა, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და უფრო ნაკლები ქულა აქვს. ცვლილებების განხორციელებამდე, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდნენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან უფრო ნაკლები იყო. ჩვენ გავზარდეთ სტუდენტების რაოდენობა და ახალგაზრდებს, წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მივეცით, ფინანსურად დავეხმაროთ და სწავლა დავუფინანსოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად, საბუთების მიღება პირველ მარტს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„პროგრამის ფარგლებში, სწავლა 2 000-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდება. ასე რომ, იაქტიურეთ და ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ერთ-ერთი პოპულარული პორტალის – „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზეც ისაუბრა. თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს იკავებს.

თბილისის მერის თქმით, ორგანიზაცია ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს.

„ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა – „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ იმ ქალაქების რეიტინგი გამოქვეყნა, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. აღნიშნულ რეიტინგში ჩვენი დედაქალაქი – თბილისი პირველ ადგილს იკავებს, რა ძალიან მიხარია. ასევე, ამ რეიტინგებში წარმოდგენილია ბათუმი, რომელიც მეოთხე ადგილზეა. ორგანიზაციამ ასევე, გამოაქვეყნა 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგი (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სამედიცინო თუ სხვა სექტორების წარმომადგენლებს პანდემიის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევისა და საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინირებულ ვიზიტორებს საქართველოში მოგზაურობა პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაცია გვაფასებს, როგორც უსაფრთხო დედაქალაქს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ყველა ექიმს, ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ისინი 24-საათიან რეჟიმში, ყველაფერს აკეთებენ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ექიმს, სამხედროს თუ მერიის თანამშრომლებს, ყველას განსაკუთრებული მადლობა გაწეული სამსახურისთვის. უნდა ვთქვა, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე, საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იყო პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ერთად ვებრძოდით ამ უხილავ მტერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელმაც ფონდის დირექტორის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, წარმატებები უსურვა.

„ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დღემდე თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში, ბიზნესში გადადის. მინდა, მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ფონდის დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურას, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. მინდა, მასაც წარმატებები ვუსურვო. ლევან ჯღარკავას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს და დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ალექსანდრე ტოგონიძე იყო“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ დედაქალაქში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

„ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, ძველ უბნებში, იმისთვის, რომ ის ღირებული და ძვირფასი, რაც დედაქალაქში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გაგვაჩნია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატურას, მას თბილისის მერი საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში წარუდგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0