სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

12/07/2016

დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დაესწრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის: „პირველად ქართულ პენიტენციურ სისტემაში – შრომის რეალიზებული უფლება გისოსებში“ პრეზენტაციას და მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის ინიციატივით, „პატიმრობის კოდექსში“ შევიდა ცვლილება, რომლითაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელშეწყობით, დამზადებული ნივთების რეალიზაცია განახორციელოს. გაყიდვიდან მიღებული თანხა პირდაპირ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.

ბრალდებული/მსჯავრდებული ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელებას მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის სახით შეძლებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის გარდა, იგი მსჯავრდებულთათვის შემოსავლის წყაროს შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0